top of page
შეზღუდული  სიტყვა  და  გამოხატვა: პროტესტი, ხელოვნება და სცენა 

თუ  პირველად  იყო  სიტყვა  და  მხოლოდ  ამის  შემდეგ  იქმნა  ნათელი ,  თავისუფალი სიტყვის   შეზღუდვა  არაფერს  მოიტანს  გარდა  სიბნელისა.  

თავისუფალი  მოქალაქის  რეცეპტი  რომ  არსებობდეს, იქ, აუცილებლად,  შევხვდებოდით სიტყვისა  და  გამოხატვის  თავისუფლებას, რადგან  შეუძლებელია  სამოქალაქო  თავისუფლებების (Civil Liberties)  ქონა  მაშინ,  როცა არ  არსებობს  სივრცე,  რომელშიც  ადამიანი  დასჯის  შიშის  გარეშე  გამოხატავს  საკუთარ  თავსა  და  იდენტობას  სიტყვებში  ან სხვა  ნებისმიერი  გზით,  იქნება  ეს  მშვიდობიანი  დემონსტრაცია  თუ  იდეათა  მანიფესტაცია.

სიტყვისა  და  გამოხატვის  თავისუფლების  სრულყოფილი  სახით  არსებობა  ქმნის  ემპათიასა  და  მიმღებლობას, ხელს  უწყობს  გონიერი  საზოგადოების  ჩამოყალიბებას, სადაც  გათვალისწინებულია  პლურალიზმის  პრინციპები  და  სხვადასხვა  კრიტერიუმით  მიუღებელ  აზრებსა  და  გამოხატვის  ფორმებს  არ უპირისპირდება  არც  სახელმწიფო  და  არც  საზოგადოება,  რადგან  მათი  შინაარსის  მიუხედავად,  მათ  ისევე  დაუბრკოლებლად  შეუძლიათ  გავრცელება, როგორც  თავის  დროზე  ლუთერის  95  თეზისი  გავრცელდა  მთელ  ევროპაში.

რა ხდება საქართველოში?

საქართველოში  ისევე, როგორც  ნებისმიერ  სახელმწიფოში, რომელიც  თავისი  მოქალაქეების  ბედნიერებაზე  ზრუნავს,  დაცული  იყო  სიტყვისა  და  გამოხატვის  თავისუფლება  საკანონმდებლო  დონეზე  იქამდე,  სანამ  ქართული  ოცნების  ხელისუფლება  ჯერ  2024  წელს  "არასრულწლოვნებისა  და  ოჯახური ღირებულებების  დაცვის  კანონით"  ირიბად,  შემდეგ  კი  2025  წლის  ივნისში  პირდაპირ  არ შეიტანდა  ცვლილებებს  სიტყვისა  და  გამოხატვის  თავისუფლების  შესახებ  კანონში.  უკანასკნელი  ცვლილებები  შეეხება  ცილისწამებას,  შეურაცხყოფის  რეგულაციებს,  სასამართლოს  მიერ  საქმის  განხილვის  ვადებსა  და  საქმეზე  გადაწყვეტილების  მიღების  წესს. 

მოკლედ  განვმარტოთ, რას  გულისხმობს  თითოეული .  2004  წელს  დანერგილი  სიტყვისა  და  გამოხატვის  თავისუფლების  სტანდარტის  მიხედვით,  ცილისწამების  საქმეზე  მტკიცების  ტვირთი  მოსარჩელის  იყო,  ანუ  თუ  ერთი  ადამიანი  მეორეს  სასამართლოში  ცილისწამებაზე  უჩივლებდა,  მასვე  უნდა დაემტკიცებინა,  რატომაა  იმ  ადამიანის  მიერ  გავრცელებული  ინფორმაცია  ცილისმწამებლური, რომელსაც  ის  უჩივის.  უკანასკნელი  საკანონმდებლო  ცვლილებით  ეს  წესი  შეიცვალა  და  ახლა  მოსარჩელის  ნაცვლად,  დაცვის  მხარეს  მოუწევს  დაამტკიცოს,  რომ  მის  მიერ  გავრცელებული  ინფორმაცია  არა  ცილისწამება, არამედ  ნამდვილი  ჭეშმარიტებაა.  საქმის  განხილვის  ვადის  ცვლილება  გულისხმობს, რომ  ის  30  დღიდან  10  დღემდე  შემცირდა, რაც ამგვარ  სასამართლო  დავებს  მეტ  პრიორიტეტს  ანიჭებს,  ხოლო  გადაწყვეტილების  მიღების  წესში  შეტანილი  ცვლილების  მიხედვით, უქმდება  ნორმა, რომ  მოპასუხის  უარი  გაამხილოს  მისი  ინფორმაციის  წყარო,  ან  პროფესიული  საიდუმლოება, ვერ  გახდება  მის  საწინაღმდეგოდ  გამოტანილი  გადაწყვეტილების  ერთადერთი  საფუძველი.

​კანონში  შეტანილი  ცვლილებებიდან  ყველაზე  საგანგაშო  შეურაცხყოფის  რეგულაციაა.  აქამდე  კანონით  რეგულირდებოდა  მხოლოდ  ადამიანის  პირისპირ  შეურაცხყოფა, ცლილებების  მიხედვით  კი  კანონი  საჯარო  სივრცეში  შეურაცხყოფის  კონტროლსაც  გულისხმობს.  ამ  ცნების  ბუნდოვანებიდან  გამომდინარე, რთულია  იმის  ზუსტად  განსაზღვრა  რა  შემთხვევაში  შეიძლება  დაიწყოს  "დანაშაულის"  ჩამდენი  ადამიანის  წინააღმდეგ  გამოძიება  ან  დაეკისროს  სამართლებრივი  პასუხისმგებლობა.

კანონის  ამოქმედების  შემდეგ, ვნახეთ, რომ  საჯარო  სივრცე  მოიცავს  სოციალურ  ქსელსაც, რადგან  ადამიანები, ძირითადად  კი, ოპოზიციური  პოლიტიკური  ველის  წარმომადგენლები  და  სამოქალაქო  აქტივისტები  ინტერნეტში  გამოქვეყნებული  სტატუსების  გამო  დააჯარიმეს, რაც  ერთი  შეხედვით  კომიკურია, მაგრამ  კომიკურზე  უფრო  მეტად  საგანგაშო, რადგან  ეს  პრაქტიკა  გვაბრუნებს  იქ,  სადაც  ჯერ  კიდევ  არ  არის  განხორციელებული  ცვლილებები  სიტყვისა  და  გამოხატვის  თავისუფლების  კანონში, კლარა  შუკვანი კი სისხლის  სამართლის  დამნაშავეა  საპროტესტო  ბანერზე იმდროინდელი  პრეზიდენტის  უხამსად  მოხსენიების  გამო.  

"არასწორი  მგონია, რომ  ის,  რაც  საწყენია  ვინმესთვის, მაგალითად ჩემთვის რაიმე  შეფასება,  იყოს  სამართლებრივი  განსჯის  საგანი  სახელმწიფოსა  და  სასამართლოს  მხრიდან,  ამიტომ,  პრინციპული საკითხი  იყო,  რომ  შეურაცხყოფისა  და  ცილისწამების  დეკრიმინალიზაცია  მომხდარიყო."

როგორც  მოვისმინეთ,  რეპრესიული  კანონმდებლობა  პოტენციურად  შეიძლება  შეეხოს  ყველას, ვისაც  სურს  რაიმე  საჯარო  მოვლენაზე  აზრის  გამოთქმა,  ან  თუნდაც  ლიტერატურაში,  პიესაში  თუ  სხვა  ნებისმიერი  სახის  დემონსტრაციასა  და  მანიფესტაციაში  ხელისუფლების  წარმომადგენლების(არამხოლოდ)  გაშარჟება, ირონიზირება  და  შემოქმედებაში  სარკაზმის  ჩართვა,  ვინაიდან  შესწორებული  კანონმდებლობა  ამარტივებს  ადამიანების  ცილისწამებისა  და შეურაცხყოფისთვის  დასჯას.  საქმეს  ართულებს  ფაქტი, რომ  ისედაც  რთულად  შესაფასებელი  შეურაცხყოფის  ცნების  განსაზღვრა  მოქალაქემ  არცთუ  ისე  დამოუკიდებელ  სასამართლოს  უნდა  მიანდოს.  ამ  ყველაფრის  მიზანი  არა  იმდენად  კანონის  მოქმედებით  ხალხის  დასჯაა,  რამდენადაც  გამყინავი  ეფექტის  შექმნა, რომ  ადამიანებში  გაჩნდეს  შიში, არ  დაარღვიონ  ცენზურა.  

თავისუფლებები  და  შემოქმედება

ვნახეთ  ინტერნეტში  საჯარო  პირების  გინების  გამო  დაჯარიმებული  ადამიანები.  ზოგჯერ  კი  გინებაზე  ნაკლები  "შეურაცხყოფაც"  საკმარისი  და  იმდენად  სენსიტიური  აღმოჩნდა  ზოგიერთისთვის,  რომ  გინებისთვის  დაჯარიმებულ  ხალხს  გვერდით  ამოუყენეს ეპითეტების:  "არაქალო",  "არაკაცო"  და  "ქალთმოძულე"  ავტორები.  ცხადია,  მთელ  საზოგადოებას  გამართულად  ფუნქციონირებისათვის  სჭირდება  დაცული  სიტყვისა  და  გამოხატვის  თავისუფლება,  მაგრამ  ნებისმიერ  საჭიროებაზე  მსჯელობისას,  შეგვიძლია  გამოვყოთ  საზოგადოების  ის  ნაწილი,  რომელზეც  ამ  საჭიროების  ხელმისაწვდომობის  შეზღუდვა  ყველაზე  მეტად  მოქმედებს.  სიტყვისა  და  გამოხატვის  თავისუფლების  შეზღუდვის  შემთხვევაში,  ყველაზე  მეტად  ხელოვნება,  თეატრი,  მედია  და  სამოქალაქო  აქტივიზმი  იზღუდება,  რადგან  ისინი  ყველაზე  ხშირად  არიან  დემონსტრაციულნი. 

 

ხელოვნება  და უფრო მეტად  თეატრი  აშარჟებს,  დასცინის  და  ერთგვარად  აშიშვლებს  არსებულ  რეალობას,  რა  დროსაც  შეუძლებელია  შემოქმედება  დრაკონულ  კანონებს  დაუქვემდებარო.

კრიტიკული  მედიაც,  სცენის მსგავსად, მხილებაზეა  ორიენტირებული,  მაგრამ  ნაკლებად  შემოქმედებითი  და  უფრო  პირდაპირი  თუ  ხისტი  მეთოდებით,  რაც  მათ  მეტი  საფრთხის  წინაშე  აყენებთ,  მაგრამ  ამჟამად  ხელოვნებასა  და  თეატრზე  ვკონცენტრირდეთ,  რომელიც  წლების  შემდეგ  ფართო  მასებისთვის  ბევრად  უკეთეს  სურათს  ქმნის  ხოლმე  რეტროსპექტივაზე,  ვიდრე  მედია,  რადგან  ადამიანის  გონებას  გრძელვადიან  პერსპექტივაში,  ნანახი:  სპექტაკლი,  პაროდია,  ნახატი,  შარჟი  ან  უბრალო გრაფიტი  უკეთ  ამახსოვრდება,  ვიდრე  მედიაში  გასული  სიუჟეტი  ან  ინტერნეტში  ნანახი საინფორმაციო  ქარდი.  

სიტყვისა  და  გამოხატვის  თავისუფლების  კანონში  პირდაპირი  ცვლილებები  2025  წლის  ივნისში  განხორციელდა,  მაგრამ  თავისუფალი  სიტყვისა  და გამოხატვის  სხვადასხვა  ფორმის  დევნა  პოპულისტური  განწყობების  ნიადაგზე  ბევრად  ადრე  დაიწყო,  ამის  დეკლარირება  კი  კანონმდებლობაში  2024  წელს  მოხდა.

რთულია  იმის  წარმოდგენა,  რა  შეიძლება  თავისუფალ  ხელოვნებას  იმაზე  მეტად  ვნებდეს, ვიდრე  საკანონმდებლო  დონეზე  რეგულირებული  ინტერპრეტირებადი  შეურაცხყოფა,  რომელიც  შეიძლება  ნებისმიერ  პიესაში,  ნახატში,  გრაფიკასა  თუ  შარჟში  იპოვონ,  მაგრამ  ქართული ოცნების  ხელისუფლებამ  უფრო  დიდი  საფრთხის  წარმოდგენაც  შესაძლებლად  აქცია,  რაც  ე.წ  "არასრულწლოვანთა  და  ოჯახური  ღიებულებების  დაცვის  კანონით"  მოახერხა,  რომელიც  ამბობს, რომ  იკრძალება: 

 

 „იმგვარი  შინაარსის  ნაწარმოების, პროგრამის  ან  სხვა  მასალის  გავრცელება, რომელიც  ერთნაირსქესიანი  ოჯახური  ან 

ინტიმური  ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი  წყვილის  ან  არაჰეტეროსექსუალი  პირის  მიერ  არასრულწლოვანის 

შვილად  აყვანის  ან  მინდობით  აღზრდის,  სქესის  შეცვლასთან  დაკავშირებული  სამედიცინო  ჩარევის  ან  სქესობრივი 

ნიშნით  განსაზღვრული  ცნებების  არგამოყენების  პოპულარიზაციისკენ  არის  მიმართული“ 

ამავე  კანონით  იკრძალება  ნებისმიერი  სახის  საჯარო  შეკრება  ან  მანიფესტაციის  ჩატარება,  რომელიც  მიზნად  ისახავს  ზემოთ  ჩამოთვლილი  "გამრყვნელი"  ქმედებების  განხორციელებას.  იმის  გათვალისწინებით,  რომ  ქვეყანაში  ოჯახური  ღირებულებები  "მოწოდების  სიმაღლეზეა"  და  ამასთან  ერთად  მათ  ხელისუფლებაც  იცავს,  მის  შესახებ  გამოცემული  კანონი  იმდენად  ძლიერია,  რომ  მხოლოდ  არსებობით  შეუძლია,  18  მოქმედ  კანონში  ცვლილებების  შეტანა,  მათ  შორის  უკვე  განხილულ  "სიტვისა  და  გამოხატვის  თავისუფლების  შესახებ  კანონში"  და  "მაუწყებლის  შესახებ  კანონშიც", რომლითაც უკვე,  ყველა  მაუწყებელს  ეკრძალება  ეთერში  ისეთი  რეკლამის  ან  ინფორმაციის  გაშვება, რომელიც  მიმართულია  ლგბტ  ურთიერთობებისა  და  ინცესტის  "პოპულარიზაციისკენ".  ასევე  აიკრძალა  ლგბტ  სექსისა  და  ინცესტის  ამსახველი  კადრების  ტელეეთერში  გაშვება, რათა  არ  მოხდეს  მათი  შემთხვევითი  "პოპულარიზაცია". 

 

საღი  განსჯისთვის, ცხადია,  რომ  ეს  კანონი  ოჯახური  ღირებულებების  დაცვის  განსაკუთრებული  მცდელობა  კი  არა,  წინა საარჩევნო  კამპანიის  ნაწილი  უფრო  მეტად  იყო,  ემსახურებოდა  სიტყვისა  და  გამოხატვის  თავისუფლების  ირიბად  შეზღუდვას,  მაგრამ  მაინც  რომ  განვმარტოთ  სიტუაციის  სიმძიმე  და  კომიკურობა,  ის  დაახლოებით  ასეთია: თუ  თქვენი  საყვარელი  პერსონაჟი  სამეფო  კარის  თამაშებიდან,  სხვა  ღირსებების  გამო, ჯეიმი  ლანისტერია  და  მას  ახასიათებთ,  როგორც  დადებით  პიროვნებას,  შესაძლოა,  ეს ჩაგეთვალოთ  იმგვარი  ნაწარმოების  გავრცელებად,  რომელიც  აღწერს  ინტიმურ  ურთიერთობებს  ერთსქესიან  წყვილებს  შორის,  ან  ახასიათებს  ინცესტურ  ურთიერთობებს, რაშიც  ჯეიმი  ლანისტერის  პერსონაჟიც  დამნაშავეა,  მის  დასთან  ერთად,  შესაბამისად მათზე, როგორც პერსონაჟებზე  საუბრისას,  დადებითი  კონტექსტის  შექმნის  შემთხვევაში,  დაგეკისრებათ  სამართლებრივი  პასუხისმგებლობა, მაგრამ  "საბედნიეროდ" ეს  და-ძმა  ქართული  ტელესივრციდან  ვერასდროს  მოხვდება  თქვენს  გონებაში,  რადგან  მაუწყებელს  აკრძალული  აქვს  ეთერში  ამგვარი  "გარყვნილი"  შინაარსის  ჩვენება. 

ეს  მაგალითი  შეგვიძლია  გადმოვიტანოთ  თეატრის  სცენაზეც,  რომლისთვის  დაწერილ  პიესებში  ხშირად  ვხვდებით:  სისხლს,  ერთსქესიანი  წყვილების  ურთიერთობას,  ინცესტს,  ზოგჯერ  კი  სამივეს  ერთად.  

"შესაძლოა  აღარც  იყოს  საჭირო  ჩარევა  არაფერში,  ვინაიდან  ინერგება  ის, რაც  ყველაზე  სახიფათო  ფორმაა ცენზურის,  ანუ  თვითცენზურა,  გეკრძალება  ყველაფერი,  სინამდვილეში  არ  იცი  რის  გამო  დაისჯები... დამკვიდრებული  თვითცენზურის  გამო  სახელმწიფო  თეატრი  ერიდება,  რომ  შეეხოს  კლასიკასაც კი."

შემოქმედება  პროტესტში  და  პროტესტი  შემოქმედებაში

მიუხედავად  იმისა,  შემოქმედება  არტისტსა  და  მის  წარმოსახვას  შორის  არსებული  სივრცეა  და  რთულია  ამ  სივრცის  დარღვევა,  მიმდინარე  მოვლენები მასზე  პირდაპირ  თუ  ირიბად  ყოველთვის  აისახება  და  ხშირად ეს მიმართება  ურთიერთსაპირისპიროა.  ხელოვნება, აუცილებლად, აირეკლავს  თანამედროვეობას,  მაგალითად,  პოსტ-საბჭოთა  სივრცეში  აბსტრაქცია  სსრკ-ს  დაშლამ  გააჩინა,  ნახატებზე  კი  წითელი  ფერი  დააბრუნა,  რომელიც  იქამდე  მხოლოდ  კომუნისტური  პარტიის  საკუთრებას  წარმოადგენდა.  

 

დღევანდელი  მდგომარეობით, შემოქმედებაზე  შესაძლოა  იმოქმედოს  ზემოთ  განხილულმა  რეპრესიულმა  კანონმდებლობამ  და  ამასთან  მიმდინარე  პროტესტმა, რომელიც  ქვეყნის  მთავარ გამზირს  დაახლოებით  300 დღეა  კეტავს. მის  ფიზიკურ  თუ იდეურ  გადაკეტვაში  არტისტსაც  სურს  წვლილის შეტანა. ამიტომ, მხატვრებმა  შეიძლება  დახატონ  ქვეყანა  რუსული  ჩექმის  ქვეშ ან  გაშარჟებული  პრემიერი ჩრდილოეთისკენ  მიპრობილი  სანდომიანი  მზერით  და  ასე გადმოსცენ არც ისე  სასაცილო  რეალობა,  რეჟისორებმა  თეატრის  სცენიდან  გაგვახსენონ  რუსული  იმპერიალიზმის  შედეგები, ან  პოლიტიკურ  სატირაში  დასცინონ  ძალაუფლების  უზურპაციას და ამით  გათამამებულ  ინდივიდებს, მწერლებმა  საკუთარ  ნამუშევარში  ირონიანარევი ტკივილით  აღწერონ  სიმართლე, რომელიც  შესაძლოა  შეურაცხმყოფელიც  აღმოჩნდეს.  

 

მართალია, არსებობს  სურვილი  ამ  ყველაფრის  კეთებისა, მაგრამ  ყველა  მათგანს  ემუქრება  საფრთხე, ვინაიდან  მათ ამის  კეთება  საჯაროდ  მოუწევთ, შესაბამისად, ნებისმიერ  დროს  შეიძლება  გახდნენ  დევნის  მსხვერპლნი,  რაც, როგორც  უკვე  ინტერვიუში  ითქვა  ამკვიდრებს  თითცენზურას, შიშს,  ადამიანს  ტოვებს  დილემის  წინაშე, აირჩიოს,  ღირს  თუ  არა  შემოქმედებითი  თავისუფლებისთვის  სხვა  თავისუფლებების  გარისკვა და  მიუხედავად  იმისა, ზოგი  ამისთვის  მზადაა, უმეტესობა  "სახელმწიფო  თეატრების"  კლასში  ექცევა  და  სიჩუმეს  ამჯობინებს. ახშობენ  სურვილის  პროტესტს  საკუთარი  ძალა  შესძინონ,  ხმა  აიმაღლონ  იმის  წინააღმდეგ, რასაც  არ  ეთანხმებიან,  უწევთ  გაჩუმდნენ,  რაც  ნიშნავს,  რომ  მიმდინარე  პროტესტის  მიუხედავად, შემოქმედება, ხელოვნება  და  თავად  ხელოვნები  ვერ  აცოცხლებენ   მას,  იშვიათი  გამონაკლისების  გარდა. 

როცა  საჯარო  ხელოვნება  დაბორკილებულია  და  შემოქმედება  პროტესტში  ვერ  ვითარდება,  ამ  დროს  საპროტესტო  მოძრაობა  იწყებს  სადავო, მაგრამ მაინც  ხელოვნების  შექმნას,  ქუჩების  შეღებვით. ვინაიდან,  ეს მოძრაობა  არ  არის  პიროვნება, შეუძლებელია  მისი  იდენტიფიცირება, ცალკეულად  დასჯა, ან  სამართლებრივი  პასუხისმგებლობის  დაკისრება, რაც  მას  ათავისუფლებს  შიშისგან.

თუ  ხელოვნების  მიზანი  ზოგჯერ  საზოგადოებასა  და  გარემოზე  კვალის  დატოვებაა, ამ  მიზანს  იდეალურად  აღწევს  პროტესტი  და  მისი  მონაწილე,  ქუჩის  დემონსტრაციისას, როცა კედელს  ხატავს  და  ავტორიტეტს  აიძულებს,  მეორე, მესამე  ან  მეასე  დღეს,  კედლიდან  მისი  დატოვებული  კვალის  წაშლაზე  იფიქროს. მიუხედავად  იმისა,  რამდენ  ხანში  გადაღებავენ  პოსტ-საპროტესტო  რუსთაველის გამზირს, მანამდე  სასოწარკვეთილი  მეთოდებით  გადაშლილი  წარწერები  და  ხელისუფლებისთვის  შემაწუხებელი  ნახატები,  უკვე არის  მისი  იდენტობის  ნაწილი,  საზოგაოების  გამოხატვის  თავისუფლების  გამოძახილი, რომელსაც  დიდი მონდომებით  ზღუდავს  ხელისუფლება. 

"დაჯღაბნილი"  რუსთაველი: პროტესტი ქუჩის ხელოვნებაში​

© 2025 Davit Tabuashvili. All Rights Reserved.

მართალია,  ქვეყნის  მთავარ  გამზირზე  დატოვებული  შემოქმედება  გადაშლილია,  მაგრამ  შეუძლებელია  მთელს  ქალაქში  მიმოფანტული  საპროტესტო  თუ  მხარდამჭერი  წარწერებისა  და  ნახატების  გაქრობა,  რომლებიც, მათ შორის, შეურაცხყოფასაც  შეიცავს  და  განსხვხვადება  შინაარსითა  და  ფორმით, რაც  საშუალებას  გვაძლევს,  ისინი  ამ  კრიტერიუმებით  დავაჯგუფოთ.  საინტერესოა,  რომ  არსებული  კანონმდებლობით  ზოგიერთი  მათგანის  ავტორი, შესაძლოა, გახდეს  სამართლებრივი  პასუხისმგებლობის  მსხვერპლი,  მაგრამ  ქუჩის  ხელოვნებისა  და  იქ  დატოვებული  წარწერების  უპირატესობა  მისი  ავტორისთვის  სწორედ ისაა, რომ  ავტორიტარული  რეჟიმი  მას  ვერ  აგნებს,  შესაბამისად,  ვერც  სჯის. 

საგარეო  ვექტორთან  დაკავშირებული საზოგადოებრივი განწყობის ამსახველი გრაფიტები

© 2025 Davit Tabuashvili. All Rights Reserved.

ქალაქში  2024  წლის  შემდეგ  იმატა  იმგვარი  შინაარსის  ნახატებმა  და  წარწერებმა, რომლებიც  ევროინტეგრაციასა  და  ზოგადად  ევროატლანტიკურ  სივრცეში  საქართველოს  გაწევრიანებას  და  დამკვიდრებას  უჭერენ  მხარს.  კედლებზე  ასევე  ვხვდებით:   ნატოს, ევროკავშირის, საქართველოსა  და უკრაინის  დროშებს.  ამ  უკანასკნელის  დიდი  რაოდენობით  გამოსახვა  მას  შემდეგ  დაიწყო,  რაც  რუსეთმა  უკრაინაში  სრულმასშტაბიანი  შეჭრა  განახორციელა,  მხარდაჭერის  ტალღა  კი  გაამძაფრა  საქართველოს  ხელისუფლების  უარმა, ჩართულიყვნენ  რუსეთის  წინააღმდეგ  სანქციების  პაკეტში  და  ანტიუკრაინულმა  განცხადებებმა,  რომლებიც  დღემდე  გვესმის. 

პროტესტისკენ მოწოდებები ან ზოგადი მიმართვები

© 2025 Davit Tabuashvili. All Rights Reserved.

თუ  ხელისუფლება  მედიებს  კომუნიკაციების  კომისიაში  რეჟიმის  დაძახებისთვის  უჩივლებს  და  დასჯის, კედელს  იმავე  პასუხისმგებლობას  ვერ დააკისრებს  და  ვერც  დასჯის,  მიუხედავად  იმისა, ის  მოგვიწოდებს, რომ  დავასრულოთ  ივანიშვილის  რეჟიმი.

რუსეთთან ომში დაღუპული ჯარისკაცები

© 2025 Davit Tabuashvili. All Rights Reserved.

ბევრი შინაარსი ერთ კედელზე

© 2025 Davit Tabuashvili. All Rights Reserved.

მიუხედავად  იმისა, ზევით  ნაჩვენებ  კედლებზე  გამოსახული  შინაარსი  ზოგჯერ  რადიკალურიც  იყო,  ისინი  არ  ექცევიან  სიტყვისა  და  გამოხატვის  თავისუფლების  კანონის  მოქმედების  ქვეშ,  რადგან  აქ  ვერც  ცილისწამებას  ვხედავთ  და  ვერც  შეურაცხყოფას  კონკრეტული  პირის  ან  ადამიანთა  ჯგუფისადმი.  ეს  არ  ნიშნავს,  რომ  ქალაქის  კედლებზე  არ  ვხვდებით  იმგვარ  შემოქმედებას,  რომელთა  ავტორებიც  შეურაცხყოფის  მუხლით  დაისჯებოდნენ,  მათი  იდენტიფიცირება  შესაძლებელი  რომ  იყოს. 

შეურაცხმყოფელი  შინაარსის  გრაფიტი

© 2025 Davit Tabuashvili. All Rights Reserved.

თუ  შემოქმედებას,  სიტყვისა  და  გამოხატვის  თავისუფლებით  სარგებლობისთვის,  ქუჩაში  გასვლა  უწევს, რადგან  სხვაგვარად  დასჯის  ეშინია, ქვეყანა  ავტორიტარულია,  ხელოვნება  კი  დაბორკილებული,  მაგრამ  თუ  ის  ჯერ  კიდევ  გადის  ქუჩაში,  გათავისუფლების  შანსი  ბოლომდე  მომსპარი  არ აქვს,  რადგან  თუ  დავუჯერებთ  ჯონ  მილტონს, სიტყვისა  და  თავისუფლების  გამოხატვის  შეზღუდვა  მხოლოდ  იმას  გამოიწვევს, რომ  ადამიანები  დაიწყებენ  ისეთი  გზების  ძიებას  საკუთარი  თავის  გამოსახატად,  რომელშიც  კანონი  ვერ  მისწვდებათ.

დავით  თაბუაშვილი 

მითების  დეტექტორის  ლაბორატორია

2025 

bottom of page